პროგრამირება არ არის უბრალოდ კოდის წერა (ნაწილი 2)

cover image

მეორე ნაწილში მე მინდა ვისაუბრო ეთიკაზე, სხვადასხვა სიტუციებსა და ურთიერთობებზე რომელიც შემხვედრია როგორც წინა სამსახურებში აგრეთვე ჩემს კომპანიაშიც.

trash კოლეგის დაწერილი კოდის ცილის წამება. არ არსებობს იდეალური ადამიანი და აგრეთვე არ არსებობს იდეალურად დაწერილი კოდიც. არავინ არის დაზღვეული შეცდომებისაგან და გახსოვდეთ რომ დღეს დაწერილი კოდი, ერთ წელიწადში უკვე სრულიად ძველია და ამხელა დროის გასვლის შემდეგ მსგავსი კოდი გაცილებით უფრო ელეგანტურად დაიწერებოდა, რადგან ზოგადად, ტექნოლოგიური პროგრესი არ დგას ერთ ადგილზე.

მქონია შემთხვევა როდესაც ერთმა ჩემმა კოლეგამ, გულიანად დასცინა, თავისი პროექტის, მონაცემთა ბაზის შემქმნელს, სრულიად მიწასთან გაასწორა ყველა დაშვებული შეცდომა და სულ რაღაც 1-2 თვის შემდეგ თვითონვე გაიმეორა ანალოგიური შეცდომები თავის გაკეთებულ სამუშაოში. რა თქმა უნდა მეტად უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა, როდესაც მას ახსნა განმარტებები მოსთხოვეს საკუთარ შეცდომებზე და განსაკუთრებით როდესაც გაუხსენეს როგორ იცინოდა სხვის ანალოგიურ შეცდომებზე.

ისწავლეთ კარგის ძიება და არა ცუდის, როდესაც ვიღაცა საკუთარ ნამუშევარს განახებთ: „კარგია, მაგრამ …“ და წავიდა მინუსების ჩამოთვლა. შეჩერდით, ახლავე შეაჩერეთ და სარკისებულად შეატრიალეთ თქვენი აზროვნება. დაიწყეთ პლიუსების ძებნა, ჩამოთვალეთ კარგად რა იყო შესრულებული, რა მოგეწონათ, რითი აღფრთოვანდით და სადღაც ბოლოში, ქვევით P.S. ის ბლოკის სახით, თქვით რა იქნებოდა უკეთესი თქვენი აზრით.
ცოტა უფრო რთულია ხო?

ignore სხვისი აზრის იგნორირება IT სფეროში გენიოსის როლის თამაში თამაში, მაინც და მაინც საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის.
დავუშვათ რომ დასმული ამოცანის თქვენი ამოხსნა არის A1, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს გზა A1.1 რომელიც შეიძლება ოდნავ უკეთესია ან თუნდაც საერთოდ X1 მიმართულებით ჯობდეს წასვლა. ადამიანი ვინც გაძლევთ რჩევას, არ არის აუცილებელი იყოს თქვენზე 10 რანგით უფრო მაღლა მდგომი პერსონა, უგდეთ ყური როგორც თქვენს Junoir კოლეგას, აგრეთვე სხვა პროფესიის წარმომადგენელსაც. მთავარი რა თქმა უნდა ერთი ნიუანსია, თქვენი მრჩეველი აუცილებლად უნდა იყოს ის ადამიანი რომელსაც ზოგადად ჭკუა მოეკითხება.

ხშირად სხვისი თვალი ისეთი დეტალებს ამჩნევს რაც თქვენ შეიძლება აზრადაც კი არ გქონიათ, ე.წ. Fresh Look – ი არასდროს წყენს საქმეს.

სხვისი უცოდინრობის დაცინვა
თუ ვინმემ რაიმე არ იცის და ახლა სწავლობს საგანს, ეს არავის აძლევს უფლებას იშვიროს მისკენ თითი, მისი ახლანდელი მცირე ცოდნისაკენ, და იხარხაროს, ან უარესი, წამოაძახოს რაიმე დამამცირებელი ეპითეტები. გახსოვდეთ რომ ოდესღაც ყველა ჩვენთაგანი იჯდა სასწავლო მანქანაზე და პირველად არავის გამოგვდიოდიოდა პედლების სწორად დაჭერა.

სხვისი დაშვებული შეცდომის დაცინვა
არავინ არის დაზღვეული შეცდომებისაგან, ყველას მოსდის „იაღლიში“. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში არც ღირსების ორდენს უნდა ითხოვდეთ და არც სავსე მკერდითა და სიამაყის გრძნობით უნდა დასცქეროდეთ შეცდომის დამშვებს.

ყველაზე სწორი მიდგომა არის აუხსნათ ადამიანს შეცდომის მიზეზი, აჩვენოთ გამოსწორების გზა და მისცეთ სასარგებლო რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი მსგავსი რამ აღარ შეემთხვეს.

გახსოვდეთ რომ ერთხელ თქვენ თვითონ შეიძლება დაზარალებულის ადგილას აღმოჩნდეთ და ამიტომ მოექეცით სხვას ისე როგორც გინდათ რომ თავად მოგექცნენ.

დაწერილი კოდის საბოლოო შედეგი

და ბოლოს, პროგრამირება არ ნიშნავს უბრალოდ კოდის წერას, „დავწერე რიხვებისა და სიტყვების გაურკვეველი ერთობილიობა, დავაკომპილირე შეცომების გარეშე და წავედი ხელფასის მისაღებად“ …

პროგრამირება არის ხელოვნების ტოლფასი, როგორც ხატვა ან მუსიკა. არავის აინტერესებს რომელ აკორდებს ან რა თვლას იყენებთ თქვენ კომპიზიციის დაწერაში, არავის აინტერესებს რა საღებავებით ან ზეთებით არის დახატული სურათი, მთავარი არის საბოლოო შედეგი, თქვენი კომპოზიცია ან მელოდია. სჭირდება თქვენი ნამუშევარი ხალხს თუ არა.

გახსოვდეთ ფასობს საბოლოო პროდუქტი და არა მასალა რომლისგანაც ის შედგება. თუ თქვენი პროდუქტის ფასი ნულია, მაშინ მის უკან მდგარი ყველა ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიის ფასიც ნულია. როგორც Apple – ი ამბობს „From Code to Customer“.