ფერების ფსიქოლოგია ვებ დიზაინში
სტატისტიკის მიხედვით, ადამიანზე პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას წამის მხოლოდ 1/10 სჭირდება და ვებსაიტის შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად ვიღებთ.
Google-ის 2012 წლის კვლევა The role of visual complexity and prototypicality regarding first impression of websites: Working towards understanding aesthetic judgments ადასტურებს, რომ მომხმარებლებს 50 მილიწამზე ნაკლები სჭირდებათ ვებსაიტის შესახებ აზრის ჩამოყალიბებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მხოლოდ 0.05 წამის შემდეგ მომხმარებელმა უკვე გადაწყვიტა, დარჩეს ვებსაიტზე თუ დატოვოს იგი.
პირველ შთაბეჭდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველი შთაბეჭდილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვებსაიტის სტრუქტურა, შრიფტი, დაშორებები და რა თქმა უნდა, ვებ დიზაინის ფერები და ფერების კომბინაციები.
ვებ დეველოპმენტი დიდ ყურადღებას უთმობს ფერების სწორად გამოყენებას. ტექსტში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ვებ დიზაინის ფერები და ზოგადად, როგორ მუშაობს ფერების ფსიქოლოგია.
რა არის ფერების ფსიქოლოგია
ადამიანის ტვინი დიდ როლს თამაშობს ფერის აღქმაში. მიუხედავად იმისა, რომ ფერს ფიზიკურ ობიექტად მივიჩნევთ, ის სინამდვილეში ფსიქოლოგიური ფენომენია. სამეცნიერო კვლევები ვარაუდობენ, რომ ფერის აღქმა ჩვენი ტვინის მიერ უფრო კონტროლდება, ვიდრე მხედველობით.
ფერებსა და ადამიანის ტვინს შორის ურთიერთობა კომპლექსური საკითხია. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ადამიანები ქვეცნობიერად აკავშირებენ კონკრეტულ ფერებს კონკრეტულ სოციალურ ან კულტურულ გზავნილებთან. Journal of Business Research-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები 15%-ით უფრო ხშირად ბრუნდებიან მაღაზიებში, სადაც ლურჯი ფერის სქემებია, ვიდრე მაღაზიაში, სადაც ნარინჯისფერი ჭარბობს.
ფერების ფსიქოლოგია ერთმანეთში აერთიანებს მეცნიერულ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ ნარატივებს. სინამდვილეში, როგორ ვრეაგირებთ ფერებზე, განისაზღვრება როგორც უნივერსალური ევოლუციური თვისებებით, ასევე ჩვენი სპეციფიკური კულტურული ფონის მიხედვით.
მკვლევარების თქმით, რომ ის, თუ როგორ ვუკავშირებთ გარკვეულ ფერებს კონკრეტულ გრძნობებს ან მოვლენებს, ნაწილობრივ ევოლუციის შედეგია. მაგალითად, ძალიან ცოტა ადამიანი ირჩევს ყავისფერს, როგორც საყვარელ ფერს, რადგან ის ასოცირდება დამპალ პროდუქტთან.
ფერთა ასოციაციები კულტურული სპეციფიკაა და განისაზღვრება ჩვენი კულტურული ფონით. დროთა განმავლობაში ჩვენ ვსწავლობთ ფერების ასოცირებას გარკვეულ გრძნობებთან და აზრებთან. მაგალითად, დასავლურ სამყაროში პატარძლები თეთრ კაბას იცვამენ, ხოლო მგლოვიარეები შავებს, სამხრეთ აფრიკაში კი წითელი გლოვის ფერია, ხოლო ინდოეთში პატარძლები ატარებენ ნათელ და ფერად ტანსაცმელს.
ფერი ვებ დიზაინში
ვებსაიტის ესთეტიკური მხარე და მარტივი ნავიგაცია საკმარისი არ არის ტრაფიკის მაქსიმალურად გასაზრდელად. ფერი ვებ დიზაინში ცენტრალურ როლს ასრულებს და ვებსაიტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. როგორც ითქვა, ფერებმა და მათმა კომბინაციამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მომხმარებლების მოქმედებაზე.
ზოგადად, ვებ დიზაინის ფერები შედგება როგორც ნეიტრალური, ასევე ძირითადი ფერებისგან. ნეიტრალური - შავი, თეთრი და ნაცრისფერი, ჩვეულებრივ გამოიყენება ფონისთვის, ხოლო უფრო ნათელი ფერები დეტალებისთვის. ნეიტრალური ფერი ვებ დიზაინში ხშირად ძალიან დომინანტურია და დიდ ადგილს იკავებს. მათი ფუნქცია თეთრი სივრცის ფუნქციის მსგავსია – მკითხველს აძლევს შესვენების საშუალებას. უფრო მეტიც, ნეიტრალური ითვლება ტრენდულად და მინიმალისტურად და ასოცირდება პროგრესთან და ტექნოლოგიასთან.
როდის გამოვიყენოთ წითელი
წითელ ფერს შეუძლია ააჩქაროს ადამიანის გულისცემა და სუნთქვა. წითელი ასოცირდება ვნებასთან, მღელვარებასთან, სიყვარულთან და ენერგიასთან. მას ასევე აქვს პოტენციურად უარყოფითი ასოციაციები, მათ შორის ომი, ძალადობა, ცეცხლი, რისხვა და საფრთხე.
რეკომენდებულია, წითელი ფერი ვებ დიზაინში გამოიყენოთ როგორც “აქცენტის ფერი”, რათა მომხმრაბლის ყურადღება მიმართოთ რაიმეზე, ან გამოიწვიოთ მასში მღელვარება. წითელი შეიძლება იყოს კარგი საკვების, მოდის, გართობის, სპორტისა და მსგავსი ტიპის ვებსაიტებისთვის.
როდის მოვერიდოთ წითელი ფერის გამოყენებას
ზედმეტად ნუ გამოიყენებთ მას. წითელი ხშირად ასოცირდება უარყოფით ემოციებთან. ვებ დიზაინის შემთხვევაში, წითელმა ღილაკმა შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ასოციაცია და ვებსაიტზე შემოსულისთვის საფრთხესთან, ან შეცდომასთანთან დააკავშიროს.
მინიმალისტური მიდგომა
თბილ ფერებს, როგორიცაა მაგალითად ყვითელი და ნარინჯისფერი მკითხველის ყურადღება კონკრეტულ ელემენტებზე გადააქვს. თუმცა, ერთ გვერდზე ძალიან ხშირად გამოყენებისას, ეს ფერები კარგავენ პოზიტიურ ზეგავლენას და შეიძლება გამოიწვიონ ნეგატიური გრძნობები, როგორც მაგალითად წითელის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ დამამშვიდებელი ეფექტი მიიღწევა მწვანე და ლურჯის სხვადასხვა ფერის შერწყმისას.
კონკრეტული ფერის აღქმა ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ჩრდილს იყენებთ. მაგალითად, უფრო დელიკატური ჩრდილები, როგორც წესი, არ იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, მაგრამ ისინი ჰარმონიისა და ბალანსის შთაბეჭდილებას ქმნიან.
შემთხვევითი არ არის, რომ ბევრ პოპულარულ სოციალურ ქსელს (Twitter, LinkedIn და Tumblr) და ტექნიკურ ბრენდს (Dell, IBM, HP და Intel) აქვს ლურჯი ლოგო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლურჯი თქვენი ვებსაიტისთვის აუცილებლად გამოდგება. და მაშინაც კი, თუ ლურჯი შესანიშნავია თქვენი საიტისთვის, არ დაივიწყოთ სხვა ფერები.
როგორც წესი, ვებსაიტის ფერები ბრენდის იდენტობიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ფერები თავიდანვე განსასაზღვრია, როცა იწყება ბრენდინგი.
ფერის კოდირება და ღილაკები
მომხმარებლებზე შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად მოქმედებს ვებ დიზაინის ფერები. ღილაკების ფერიც დიდ როლს ასრულებს ამ პროცესში.
ვიზიტორი ხშირად მოქმედებს იმ გრძნობების მიხედვით, რაც ღილაკის ფერითაა გამოწვეული. ამიტომ, ქმედებისკენ მოწოდების ღილაკის ფერის შეცვლა მოქმედებს მომხმარებლის გადაწყვეყილებაზე.
Call-to-action ღილაკი შედგება ხუთი ელემენტისგან, რომლებიც ჰარმონიულად უნდა თანაარსებობდეს და შეესაბამებოდეს ვებსაიტის დიზაინს. ეს ელემენტებია: ფორმა, ზომა, შეტყობინება, განლაგება და ფერი. ხუთივე ელემენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებლის ქცევაზე. თუმცა, ტესტებმა აჩვენა, რომ ფერი მთავარ როლს თამაშობს თქვენი KPI-ების გაუმჯობესებაში. Maxymiser-ის მიერ ჩატარებული შემთხვევის შესწავლისას, კომპანიას 11%-ი ზრდა ჰქონდა ქლიქებში მათი ვებსაიტის checkout area-ზე მხოლოდ ფერის ვარიაციების ტესტირებით.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ნათელ თბილ ფერებს, როგორიცაა წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი, მომხმარებლები უფრო ხშირად მიყვებიან და აჭერენ ღილაკს. მწვანე ასევე შესანიშნავი ვარიანტია, რადგან ადამიანების უმეტესობა მწვანეს უკავშირებს "მწვანე შუქს", შესაბამისად, მწვანე ღილაკზე დაჭერით მათ აქვთ განცდა, რომ სწორად იქცევიან. ხოლო, მუქი ფერები, როგორიცაა შავი, მუქი ნაცრისფერი ან ყავისფერი, საპირისპირო ქმედებას იწვევენ.
საბოლოოდ შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ფერი ვებ დიზაინში უდიდეს როლს ასრულებს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფერის ფსიქოლოგია ვებ დიზაინის მხოლოდ ერთი ასპექტია. ის ინტეგრირებული უნდა იყოს დიზაინის სხვა პრინციპებთან, როგორიცაა განლაგება, ტიპოგრაფია და მომხმარებლის ინტერფეისის ელემენტები, რათა შეიქმნას ჰოლისტიკური და ეფექტური მომხმარებლის გამოცდილება.