Amboli — ავტო პროდუქტების ონლაინ მაღაზია

კომპანია ამბოლი დაარსდა 2004 წელს. დღეისათვის, ავტონაწილების პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით, მას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია საქართველოში. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 9 ქალაქში 19 ფილიალითაა წარმოდგენილი. ფიზიკური ქსელის განვითარებასთან ერთად, ამბოლმა გადაწყვიტა ციფრულ სამყაროში უკეთ პოზიციონირებისათვის ახალი ვებ საიტი შეექმნა. 2018 წელს ამბოლი იყო პირველი კომპანია, სადაც ავტო პროდუქტების შეძენა ონალინ იყო შესაძლებელი. ასე დაიწყო ამბოლისა და დეველოპერული კომპანია 63BITS-ის თანამშრომლობა.

კომპანიის მიზნები - ციფრული ტრანსფორმაცია

ამბოლის მიზნები გამოკვეთილი იყო, მათ სურდათ ვებსაიტი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტების შესახებ ყოვლისმომცველ ინფორმაციას მიაწვდიდა, გაუმარტივებდა ნავიგაციას, მისცემდა ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობას და იდეალურად დაანახებდა მომხმარებელს ბრენდის ღირებულებებს.

ნაბიჯი 1 - დაგეგმვა და სტრატეგია

საწყისი ეტაპი: პირველ რიგში, ჩატარდა ამბოლის ბიზნეს მოდელის, სამიზნე აუდიტორიისა და ბაზრის დინამიკის საფუძვლიანი კვლევა, რათა შექმნილიყო სტრატეგია, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ბრენდის იდენტობასა და მომხმარებლის მოლოდინებთან. ასევე, დეტალურად გამოკვლეულ იქნა ძველი ვებსაიტი, რა დროსაც გამოვლინდა არაერთი ხარვეზი. 

თანამშრომლობითი მიდგომა: 63BITS-ისა და ამბოლის გუნდის წევრების აქტიური კომუნიკაცია იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მთელი პროექტის განმავლობაში საერთო ხედვები ჩამოყალიბებულიყო.


ვებსაიტის დიზაინი და დეველოპმენტი

ადამიანის ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას დაახლოებით ათასჯერ უფრო სწრაფად კითხულობს და ამუშავებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ამიტომ, ვიზუალი და ვებ-გვერდის დიზაინი იდეალური საშუალებაა მომხმარებელთან დასაკავშირებლად. ამბოლის გუნდთან აქტიურად ვცვლიდით იდეებს და ვითვალისწინებდით ბრენდის ნიუანსებს.


ნაბიჯი 2 - მომხმარებლის გამოცდილების (UX) დიზაინი

სტრატეგიული UX მიდგომა: ჩვენი UX დიზაინის სტრატეგია ორიენტირებულია მოქნილი, მოსახერხებელი ინტერფეისის შექმნაზე. ამისთვის ჩავატარეთ კვლევა, რათა შეგვექმნა ინტუიციური  პლატფორმა. 

ეფექტური ნავიგაცია: პოტენციური მყიდველისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტების აღმოჩენა, შერჩევა და საბოლოოდ ონლაინ შესყიდვა სასიამოვნო გამოცდილებასთან ასოცირდებოდეს. შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნავიგაციის გამარტივებაზე - ვებსაიტზე დაგხვდებათ გამოკვეთილი მენიუები, მოსახერხებელი ძიების ფუნქციონალი, გვერდზე არსებული ელემენტების სწორი განლაგება, და ა.შ. მთავარ ნავიგაციაში დავტოვეთ მხოლოდ პროდუქტების კატეგორიები, ხოლო მეორეხარისხოვანი გვერდები წავიღეთ ვებსაიტის footer-ში. 

რეგისტრაციის პროცესის გამარტივება: ამბოლის ძველი ვებსაიტის გამოკვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ რეგისტრაცია საკმაოდ რთული იყო, რაც არც თუ ისე ცოტა დროს მოითხოვდა. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, მაქსიმალურად დავხვეწეთ ეს პროცესი. ამჟამად, Amboli.ge-ზე რეგისტრაცია მომხმარებელს გამარტივებული გზით - მხოლოდ რამდენიმე კლიკითა და ველის შევსებით შეუძლია.

სოც. ქსელებით რეგისტრაციისას კი ერთი კლიკია საჭირო. ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს პროდუქტი, მოათავსოს კალათაში და ბოლო ეტაპზე, ყიდვისას გაიაროს რეგისტრაცია - ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ინფორმაციული ველის შევსებაა საჭირო და მომხმარებელი ავტომატურად რეგისტრირდება სისტემაში.


ნაბიჯი 3 - მომხმარებლის ინტერფეისის (UI) დიზაინი

ვიზუალური ესთეტიკა: ამბოლის ბრენდ იმიჯის გათვალისწინებით შეიქმნა თანამედროვე ესთეტიკური დიზაინი. ყურადღება გავმხვილეთ ინტუიციურ ელემენტებზე, რომლებიც შეესაბამება უახლეს ტენდენციებს, კერძოდ — სიმსუბუქე, სიმარტივე, ჰაეროვნება და ბევრი თეთრი ფერი. თანამედროვე დიზაინს მოვარგეთ ადვილად წასაკითხი შრიფტები და მაღალი ხარისხის ფოტოები.

ვიზუალური კონტენტისა და ვებსაიტის დიზაინის შექმნისას დიდი ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა საჭიროებებს.

დიზაინის კონცეფციის შესაქმნელად ჩავატარეთ კვლევების სერია:

  • სამიზნე აუდიტორიის ანალიზი
  • პროდუქტის ანალიზი
  • არსებული ონლაინ მაღაზიის ანალიზი
  • თანამედროვე ტენდენციების სიღრმისეულად გამოკვლევა

ტიპოგრაფია: ავარჩიეთ კონკრეტული ტიპის შრიფტის სტილი და ზომები, რომლებიც ადვილად იკითხება. სათაურები და ქვესათაურები ისე გამოვყავით, რომ ტექსტის წაკითხვა გაადვილებულიყო.

რესპონსიული დიზაინი: დიდი ყურადღება დაეთმო მობილურზე ადაპტაციას. გლობალური სტატისტიკის მიხედვით, ვებსაიტების ტრაფიკის 55%-ზე მეტი მობილური მოწყობილობებიდან შემოდის. ინტერნეტის მომხმარებელთა 92.3% კი ვებ სივრცეში მობილური ტელეფონის გამოყენებით შემოდის. შესაბამისად, გათავისებული გვქონდა, თუ რამხელა მნიშვნელობისაა მობილურ ტელეფონზე ადაპტირებული ვებსაიტის არსებობა და დიდი რესურსი ჩავდეთ ამ საკითხის სრულყოფილად მოგვარებაში.

საწყის ეტაპზე ვებ საიტი აეწყო განსხვავებული დიზაინით. ამბოლთან კომუნიკაციის შემდეგ კი შევიტანეთ ვიზუალური ცვლილებები და ვებ საიტმა მიიღო საბოლოო სახე.

ნაბიჯი 4 - დეველოპმენტი



დეველოპმენტის ფაზაში სისწრაფისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად გამოვიყენეთ ოპტიმალური ალგორითმები და მეთოდები.

საბუღალტრო სისტემასთან ინტეგრაცია: ბირთვულ სასაწყობე სისტემასთან ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვებ გვერდზე, ყოველი გაფორმებული შეკვეთა ავტომატურად ისახება ამბოლის საბუღალტრო სისტემაში. მარტივადაა შესაძლებელი პროდუქციის ნაშთის შემოწმება. ამით გამოირიცხა ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომლის ნაშთიც საწყობში აღარ არის. ასეთი ფაქტები ფიქსირდებოდა წინა ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში, ამიტომ სრულფასოვან ინტეგრაციას დიდი ყურადღება დაეთმო.

ვებ საიტის უსაფრთხოება: გადამწყვეტი ასპექტი იყო ვებსაიტის უსაფრთხოება. ამისთვის ეფექტური ზომები მივიღეთ - SSL სერტიფიკატი, რეგულარული აუდიტი და მონაცემთა დაცვის პროტოკოლების დანერგვითა და ბევრი სხვა აქტივობის დახმარებით Amboli.ge უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. 

SEO ოპტიმიზაცია: SEO ოპტიმიზირებული ვებ-საიტი აუცილებელია ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად. Amboli.ge-ზე ჩავატარეთ ვრცელი სამუშაოები - ტექნიკური SEO, On Page/Off Page ოპტიმიზაცია, კონტენტის ოპტიმიზაცია და ა.შ.

ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე: ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე. კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა თითქმის ნახევარი არ ელოდება ორ წამზე მეტ ხანს ვებსაიტის ჩატვირთვას. ნელა ჩატვირთული ვებსაიტი ე.წ. მაღალი Bounce Rate-ის მიზეზია და უარყოფითად მოქმედებს საძიებო სისტემების რეიტინგზე.


ნაბიჯი 5 - ვებსაიტის დასრულება და გაშვება

ამბოლის ახალი ვებსაიტის წარმატებით გაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.

ვებსაიტმა მიიღო დადებითი გამოხმაურება მომხმარებლებისგან. განსაკუთრებით გამოსარჩევია: ნავიგაციის სიმარტივე, ინტუიციური ინტერფეისი და გამარტივებული რეგისტრაციის პროცესი. ასევე, სასაწყობე სისტემების უწყვეტმა ინტეგრაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ონლაინ შოპინგის გამოცდილება.

ამბოლი და 63BITS აგრძელებს ერთად მუშაობას, რათა ვებსაიტმა მუდმივად შეინარჩუნოს ეფექტურობა და იყოს კონკურენტუნარიანი, ჰქონდეს უპირატესობა დღევანდელ სწრაფად განვითარებად ციფრულ გარემოში.

ამბოლის ფიდბექი დასრულებულ ვებსაიტზე




დაათვალიერეთ მეტი ჩვენს პორტფოლიოში